მთავარი » 2014 » დეკემბერი » 17 » “ჰარი პოტერის” რომელი პერსონაჟის მოკვლას ნანობს ჯოან როულინგი?
4:01 PM
“ჰარი პოტერის” რომელი პერსონაჟის მოკვლას ნანობს ჯოან როულინგი?

“ჰარი პოტერის” თითქმის ყველა გულშემატკივარს ჰყავს საყვარელი პერსონაჟი, რომელიც მოუკლეს. ჩემთვის ეს პერსონაჟი სევერუს სნეიპია. დღემდე ვერ მომინელებია ის ფაქტი, რომ მწერალმა ეს საკვანძო პერსონაჟი ასე გაიმეტა. არანაკლებ მოუშუშებელი ტკივილია სირიუსისა და დამბლდორის სიკვდილი. მათ არ ჩამორჩებათ უიზლების ტყუპიც, რომელმაც გარდაცვალებისას თითოეულ ჩვენგანს და, ზოგადად, ჯადოსნურ სამყაროს თავისი წილი ხალისი, მხიარულება, ბედნიერება მოაკლო. ალბათ, ყველანი ვარაუდობთ, რომ ჯოან როულინგი, წესითა და რიგით, ამ რომელიმე პერსონაჟის სიკვდილს უნდა ნანობდეს. ნურას უკაცრავად! მწერალი თვლის, რომ ყველა გადაწყვეტილება მართებულია, გარდა ერთისა – მას დღემდე ვერ მოუნელებია ფლორეან ფორტესკის “მოკვლა”!

ამ პერსონაჟზე პოტერჰედებს ჰოგსმიდი და სანაყინე ახსენდებათ. ფლორეანი გაიტაცეს და საბოლოოდ ვოლდემორის მსხვერპლი გახდა. ჰარისა და მის მეგობრებს, წესით, ეს გმირი უნდა გადარჩინათ, თუმცა სიუჟეტი შეიცვალა და ყველაფერი ისე ვეღარ განვითარდა, როგორც იგეგმებოდა. შესაბამისად, ჯოან როულინგი თვლის, რომ ფლორეანი სრულიად უმიზეზოდ მოკვდა და ეს ერთადერთი პერსონაჟია, რომლის სიკვდილსაც თავის თავს აბრალებს და დღემდე ვერ მოუნელებია:

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართლა არაფრის გამო მოვიტაცე და მოვკალი. რა თქმა უნდა, ის პირველი ჯადოქარი არ არის, რომელიც ვოლდემორს ემსხვერპლა თავისი ცოდნის გამო, მაგრამ ის ერთადერთია, რომლის გამოც დანაშაულის გრძნობა დღემდე მტანჯავს. მისი სიკვდილი ჩემი ბრალი იყო!

- წერს ჯოანი Pottermore-ის “ნახევარსისხლა პრინცის” განყოფილებაში. ნუთუ შესაძლებელია, კლავდე სნეიპს, სირიუსს, სიცოცხლით სავსე უიზლის, დამბლდორს, დობის და ამ პერსონაჟების ფონზე ნანობდე მხოლოდ ერთი, მაყურებლისა და მკითხველისთვის თითქმის უმნიშვნელო გმირის სიკვდილს?! მიზეზი მწერლის გადმოსახედიდან გასაგებია, თუმცა, პირადად ჩემთვის მაინც ბუნდოვნად რჩება. გამართლება ერთადერთია: თითოეული გმირის სიკვდილი წინასწარ ჩაფიქრებული მიმართულებისა და გეგმის მიხედვით ხდებოდა, თითოეული მათგანის გარდაცვალება რაღაც მნიშვნელოვანს ემსახურებოდა და საკმაოდ დიდი აზრისა და შესაბამისი ემოციების მატარებელი იყო. თანაც, სირიუსი როულინგს არ მოუკლავს. ის ბეატრიქსმა მოკლა. დამბლდორი ვოლდემორის რაზმისა და სნეიპის მსხვერპლი გახდა. დობი ისევ და ისევ ბეატრიქსმა იმსხვერპლა, სნეიპი, უიზლი და დანარჩენი საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟები კი – ვოლდემორმა. რაც შეეხება ფლორეანს, მისი სიკვდილით არაფერი შეცვლილა, მისი გარდაცვალება არაფერს ემსახურებოდა. ის მწერალმა გაუთვალისწინებლად “მოკლა”. ალბათ, სწორედ ამიტომ განიცდის როულინგი მის მკვლელობას ასე განსაკუთრებულად.

ჩვენ კი, “ჰარი პოტერის” გულშემატკივრებს, ისღა დაგვრჩენია, ისევ და ისევ ვიკითხოთ “ჰარი პოტერი” და ყველა წაკითხვასა და ფილმის ყურებაზე ძველებურად განვიცადოთ თითოეული უდანაშაულო პერსონაჟის სიკვდილი. შეგახსენებთ, რომ როულინგი 12 დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღიურად აქვეყნებს “ჰარი პოტერის” ახალ-ახალ პატარა მოთხრობებს, რომლებიც სხვადასხვა პერსონაჟის უცნობ ამბებს გვიყვება. ეს მწერლისაგან გულშემატკივრისათვის შექმნილი საახალწლო საჩუქარია. თქვენი კუთვნილი ყოველდღიური სურპრიზის მიღება Pottermore-ზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯოანმა დაასრულა წერა “ჰარი პოტერის” პრეისტორიისა “ჯადოსნური ცხოველები: სად შეიძლება მათი პოვნა”, რომელიც ტრილოგიის სახით გამოქვეყნდება. ამ ტრილოგიის ეკრანიზაციის პრემიერა კი 2016 წელსაა დაგეგმილი.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 725 | დაამატა: master20 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar